Saturday, July 23, 2011

Interview with Willy Ronis


© Martine Franck

" ფორმა და შინაარსი ერთმანეთისთვის არასოდეს დამიშორებია. ფოტოში აუცილებლად უნდა იდოს აზრი. მაგრამ, ამასთანვე, ჩემი ფოტოები მეტნაკლებად კარგადაც არის აგებული. იქ რომ ყალბი ნოტები ყოფილიყო, ისინი სამუდამოდ დარჩებოდნენ კონტაქტზე" 
 
 
*ვილი რონისი ებრაელი ემიგრანტების შვილი იყო.მამა წარმოშობით ოდესიდან იყო, დედა კი ლიტვიდან.
*რონისი იყო პირველი ფრანგი ფოტოგრაფი, რომელიც მუშაობდა ჟურნალში Life“.
*1939 წელს მან მოტოციკლით შემოიარა და ფირზე აღბეჭდა ცენტრალური საფრანგეთი.
*ის დაპატიმრებული იყო და სასჯელს იხდიდა, როგორც ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი.
*1983 წელს რონისმა მთელი თავისი ფოტოები და ნეგატივები პარიზს გადასცა საჩუქრად.




           

            ეს არის ვილი რონისის ვიდეო ინტერვიუს ტექსტური ვარიანტი. ინტერვიუ ჩაიწერა მის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე. ვილი რონისი 2009 წლის 12 სექტემბერს გარდაიცვალა 99 წლის ასაკში. ორიგინალი ვიდეო შეგიძიათ ნახოთ აქ: 

დილით, როცა, ახალგაღვიძებული, ხელში აყვანილი მოვყავდი დედას, ვხედავდი, როგორ ეძინა მამას, მთელი ღამე ფოტოებზე მუშაობის შემდეგ, თავის გადაჯვარედინებულ ხელებზე თავდადებულს.  ასე ცდილობდა ის ცოტათი მაინც გაეზარდა თავისი შრომის საზღაური. ასეთი იყო ჩემი ადრეული ბავშვობა.
დედა პიანინოზე დაკვრას ასწავლიდა და მეც მთლიანად მუსიკით ვიყავი მოცული. მამაჩემის ფოტოგრაფიულ საქმიანობას დიდად ვერ ვხედავდი, რადგან ის ძირითადად სახლის გარეთ მუშაობდა დამკვეთებისთვის. თანდაყოლილი მუსიკალური გემოვნება მქონდა. 16-18 წლამდე ვფიქრობდი, რომ კომპოზიტორი გავმხდარიყავი.





















ჩემი შეხვედრა მხატვრობასთან იყო  მარტოობის შეხვედრა. რადგან ხატვა პატარაობიდანვე ძალიან მიყვარდა, დედამ მირჩია ლუვრი დამეთვალიერებინა. ასე მოვხვდი ლუვრში და ბუნებრივია დამატყვევა იქ ნანახმა. განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვიყავი ჰოლანდიელი მხატვრებით. მე დავინახე მხატვრობა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და ეს ძალიან მსიამოვნებდა.  აღმოვაჩინე, რომ გმირები, მიუხედავად ეპოქისა და ტრადიციებისა, ძალიან გავდნენ იმ ადამიანებს, რომელთაც  ქუჩაში ვხვდებოდი. ასე რომ, მთელი ჩემი არსება მხატვრობამ და მუსიკამ მოიცვა.
თხუთმეტ წელზე ცოტა მეტის ვიყავი, როცა მამაჩემმა პირველი ფოტოაპარატი მაჩუქა, რამაც იმთავითვე დიდი სიამოვნება მომანიჭა. მამაჩემის სტუდია საშუალებას მაძლევდა გამემჟღავნებინა ფირები და დამებეჭდა ფოტოები. მეც არდადეგების პერიოდს მთლიანად პარიზისა და საფრანგეთის გადაღებას ვუთმობდი. ასე გაღვივდა ჩემში ფოტოგრაფიისადმი უდიდესი ინტერესი.
პარიზის ქუჩებში ხეტიალს უდიდეს დროს ვუთმობდი, სანამ სამხედრო სამსახურში არ გამიწვიეს. როდესაც ჯარიდან დავბრუნდი, მამაჩემმა მითხრა: „მე ავად ვარ. თავი რომ გავიტანოთ, სტუდიას შენ უნდა მიხედო“  მამაჩემს სამუშაო აღარ ქონდა, მე კიდევ უმცროსი ძმაც მყავდა და ბუნებრივია უარს ვერ ვეტყოდი.
ასე გაგრძელდა ოთხი წელი. მამაჩემი ამ მეოთხე წლის ბოლოს გარდაიცვალა. ვგრძნობდი, რომ სტუდიური სამუშაოსთვის არ ვიყავი გაჩენილი. მამაჩემი 26 ივნისს გარდაიცვალა. მე სამოყვარულო აპარატი მქონდა და ერთი თვის შემდეგ უკვე ქუჩაში ვიდექი და 14 ივლისის პოპულარულ ფრონტს (Popular Front) ვიღებდი. აი, ასე დაიწყო ყველაფერი. მე გავაცნობიერე, რომ ქუჩის ცხოვრებისა და რეპორტაჟების ამსახველი ფოტოგრაფი ვიქნებოდი.
არასოდეს შემიწყვეტია პარიზის ქუჩებში ფეხით სიარული. ერთი ჩემი მხატვარი მეგობარი ბელევილში (Belleville) ცხოვრობდა და სწორედ მისი წყალობით დავინტერესდი ქალაქის ამ ნაწილით. გამიჩნდა იდეა, შემექმნა წიგნი და ორ სამსახურს  შორის ვპოულობდი დროს, რომ მეკვლია ეს ადგილი. ორიოდე წლის შემდეგ გავიცანი პიერ მაკორლენი, ვაჩვენე ჩემი ფოტოები და ვთხოვე შესავალი დაეწერა ჩემი წიგნისათვის, თუკი ვინმეს ვიპოვიდი, ვინც მის გამოქვეყნებაზე დამთანხმდებოდა. მან მიპასუხა: „რასაკვირველია, რონის. შესავალს, როცა გინდა , მაშინ დავწერ. უფრო მეტიც, მე ამან დამაინტერესა და წერას ახლავე შევუდგები.“
Belleville – Menilmontant“ -ის პირველი გამოცემა Arthaud-მა გამოსცა 1950 წელს. ასე გავხდი მე გულით ბელევილელი, თუმცა იქ არასოდეს მიცხოვრია.
მნიშვნელოვანი, რაც საზღვარგარეთ  გავაკეთე, იყო ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ მოცემული დავალება, გამომეაშკარავებინა  აღმოსავლეთ გერმანიის ნამდვილი სახე, ვგულისხმობ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას. მე ორჯერ ვიმოგზაურე იქ. თითოეულ ჯერზე 15-20 დღე დავრჩი. პირველად მზიანი  სეზონი იყო და ქალაქისა და სოფლის პეიზაჟებს ვიღებდი. მეორედ ოქტომბერში დავბრუნდი, რომ ამესახა კულტურული მოვლენები, მუზეუმები, ძეგლები, ინტელექტუალური ცხოვრება, სკოლები და უნივერსიტეტები. ეს იყო ძალიან საინტერესო. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, იქ ულამაზესი პეიზაჟებია.  მე ასევე გავაკეთე რეპორტაჟი ინგლისში, გადავიღე ლონდონი და სოჰო (ტერიტორია ლონდონში). ვიყავი ესპანეთსა და იტალიაშიც. მე არ შემოვფარგლულვარ მხოლოდ პარიზითა და საფრანგეთით, თუმცა ჩემი ნამუშევრების უმეტესობა სწორედ აქ შევქმენი.
ორმოცდაათიანი წლები კარგი პერიოდი იყო ჩემთვის.  ძირითადად ბეჭდვითი მედიისთვის ვმუშაობდი და ბევრი რამ გამოვაქვეყნე. საბედნიეროდ ცოტაოდენი ნიჭიც აღმომაჩნდა და შეუმჩნეველი არ დავრჩენილვარ.
რაღაც პერიოდი ჟურნალ “Life“ -შიც ვიმუშავე. ეს იყო უდიდესი გამართლება. თუმცა იყო ერთი რამ, რასაც ვერ ვეგუებოდი - არ მქონდა საშუალება მეკონტროლებინა ტიტრები. მე კი მსურდა, რომ ჩემი ფოტოების ქვეშ ჩემი ტიტრები განთავსებულიყო. “Life“-ის ხალხმა მითხრეს: „რონის, ჩვენ თქვენ მოგვწონხართ, მაგრამ, მეორეს მხრივ ,თქვენი ტიტრების მიღება შეუძლებელია, რადგან ისინი  ხელახლა იწერება ნიუ იორკში“ მაშინ შევთავაზე ისეთი თემები შემოეთავაზებინათ, სადაც ტიტრებს ნაკლები მნიშვნელობა ექნებოდა. მათ მიპასუხეს: „ვნახოთ“. ჩემთვის კი ყველაფერი აშკარა იყო და “Life“-ისთვის აღარასოდეს მიმუშავია.
მახსენდება კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა, ოღონდ არა “Life“-ში, არამედ  ყოველდღიურ ბრიტანულ გაზეთში. აი , იხილეთ ეს ფოტო, ვფიქრობ ამ შემთხვევაში ჩემს კომენტარს ოქროს ფასი ქონდა. 


 ეს ფოტო ბრიტანულ გაზეთში რაფოს (Rapho) საშუალებით მოხვდა. გაზეთში ფოტოს ჰორიზონტალური ვერსია დაიბეჭდა, რის გამოც ჩამოეჭრა სავაჭრო განყოფილების წარმომადგენლის ფიგურა. სურათის ბოლოს განთავსებული ტიტრი კი ამბობდა: „ მუშების ჯგუფი ტოვებს სამუშაო ადგილს პარიზში“. იფიქრებდით, რომ ისინი რაღაცის გამო ჩიოდნენ, რეალურად, კი ისეთი სუსტი ბურჟუები იყვნენ, როგორც ყველა მუშა მსოფლიოში.
მე თვიონაც გავერთიანდი პარტიაში, თუმცა რელურად არ მქონია პოლიტიკური განზრახვები. ვეთანხმებოდი მათ პრინციპებს, მაგრამ აქტივისტი არასოდეს ვყოფილვარ. მე, უბრალოდ, ვიყავი და დავრჩი მოგზაურ ადამიანად.
სამოციანი წლები კრიზისის პერიოდი იყო, რაც ეჭვგარეშეა, შემდეგი მიზეზებით იყო განპირობებული: ილუსტრირებული პრესის მოდიფიკაციითა  და ტრანსატლანტიკური პრესის ძალადობრივი შემოჭრით, თავისი შოკზე ორიენტირებული ფოტოგრაფიით. ამ პერიოდში  ორი თუ სამი სამსახური მქონდა, რომ ცოტაოდენი ფული გადამენახა. შემდეგ კი მე და ჩემმა მეუღლემ დავტოვეთ პარიზი და საკამოდ დიდი ხნით გადავედით            გორდესში. (Gordes).
            ეს ფოტო  1949 წელს გადავიღე. თავიდან უბრალოდ, შვებულების ამსახველ კადრად ჩავთვალე. მოგვიანებით, როცა პარიზში მარი-ენს კონტაქტზე კადრი ვაჩვენე, მან მითხრა: „ცუდი არ არის“.  სწორედ რომ , ცუდი არ იყო!  ის უმალ დაიბეჭდა ყველგან. 






































 
შიშველ ფიგურებს ხშირად არ ვიღებდი, მაგრამ თუკი ამის შანსი მომეცემოდა, სიამოვნებით ვსარგებლობდი. ხანდახან თავად ქალები მთხოვდნენ გადამეღო მათთვის. ერთხელ  ნიუ იორკში მქონდა გამოფენა. გახსნის დღეს ერთმა ქალბატონმა მითხრა, რომ სურდა ჩემთვის პოზირება. სიშიშვლე მთელი თავისი დიდებულებით იყო წარმოჩენილი, თუ შეიძლებ ასე ითქვას. ეს უცნაური შემთხვევა იყო. ის საქმოსანი ქალბატონი იყო და თავისთან დამპატიჟა სახლში მეხუთე ავენიუსთან ახლოს. კარი ათლეტური აღნაგობის მამაკაცმა გამიღო, მომესალმა და ჩვენ შევედით პირველ სართულზე. ის მეუბნება: „ეს მეორე სართულზეა“ და კარს განგებ ღიად ტოვებს. მე ავდივარ მეორე სართულზე, სადაც ქალბტონი მელოდება და ვიწყებ გადაღებას. ყველაფერი კარგად მიდის , სანამ ერთი სასაცილო ეპიზოდი არ ხდება, რაც ვფიქრობ ტიპიურად ამერიკულია. რაღაც მომენტში მან ახედა საათს და მითხრა: „მისტერ რონის შესვენება მჭირდება.“ მე ვუპასუხე: „დაისვენეთ, გეთაყვა. შეგიძლიათ ფინჯანი ჩაიც მიირთვათ.“  „არა, დიდი დრო არ დამჭირდება“, მიპასუხა მან. სიგარეტს მოუკიდა, ტელეფონთან მივიდა, ყურმილი აიღო და განკარგულებები გასცა. შემდეგ მომიბრუნდა და გადაღება განვაახლეთ.

ისე გამოვიდა , რომ  2002 წელს გადაღებული შიშველი ნატურა ბოლო აღმოჩნდა. შემდეგ უკვე გადავწყვიტე, რომ მუშაობა შემეწყვიტა, რადგან სტაბილურად ფეხზე დგომა აღარ შემეძლო. 
    შტატივი გადაღებისას არასოდეს გამომიყენებია, ვერ ვიტანდი ამას. ყოველთვის ხელით ვმუშაობდი. როგორც კი ფეხზე მყარად დგომა გამიჭირდა, მაშინვე მივხვდი, რომ უნდა გავჩერებულიყავი. შეგახსენებთ, რომ 2002 წელს 90 წლის გავხდი და უკვე მქონდა უფლება დავღლილიყავი. აპარატიდან ბატარეები ამოვიღე და  შევინახე. ასე დასრულდა ყველაფერი. მე ფოტოებს 75 წლის მანძილზე ვიღებდი და ნამდვილად აღარ მენატრება ეს. არ მენატრება, რადგან ვგრძნობ, რომ იმას ვეღარ გავაკეთებ, რასაც ადრე ვაკეთებდი. მეჯავრება სტუდიური ფოტოების გადაღება, უბრალოდ არ შემიძლია ამის კეთება.  მე აქტიური ადამიანი ვიყავი, ქუჩისა და მოძრაობების ამსახველი ფოტოგრაფი!





 
  








 








                                                           



                                                   


 

No comments:

Post a Comment